пятница, 25 марта 2011 г.



სამეგრელოს მთავრები


დადიანები, ფეოდალური საგვარეულო საქართველოში (გვარსახელი ნაწარმოები უნდა იყოს საკუთარი სახელისაგან "დადი"). სავარაუდოა, რომ დადიანები და ვარდანისძენი ერთი საგვარეულოს ორი განშტოება იყო. წერილობითი წყაროებით ამ საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი იყო იოანე (ივანე) დადიანი, რომელსაც 1046 ამბებთან დაკავშირებით მოიხსენიება "მატიანე ქართლისაჲ". XII საუკუნის 80-იანი წლებისათვის დადიანები დასავლეთ საქართველოს უძლიერესი ფეოდალები იყვნენ ( დადიანი, ბედან (ბედიან), დადიანი, ვარდან). XII-XV საუკუნეებში დადიანებს ეჭირათ ოდიშის და, სავარაუდოა, სამოქალაქოსა და ზოგჯერ სვანეთის ერისთავობაც.
XIV საუკუნის 20-იან წლებში დადიანების საგვარეულოს ერთი წევრი გურიის ერისთავიც გახდა; საგვარეულოს ერთი შტო, ბედან (ბედიან) დადიანის (XIII საუკუნის შუა წლები) ხანიდან მაინც, მემკვიდრეობით ფლობდა ოდიშის ერისთავობას. 1557 წელს ამ შტოს წარმომადგენელი ლევან I დადიანი დამოუკიდებელი მთავარი გახდა. ამის შემდეგ "დადიანი" ოდიშის მთავრის ტიტულის აღმნიშვნელ ცნებად გადაიქცა. XVII საუკუნის 90-იან წლებში დადიანების პირველი დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ლევან IV დადიანი იძულებული შეიქმნა ოდიში მიეტოვებინა და სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი გიორგი ლიპარტიანი (კაცია ჩიქოვანის ძე) გახდა. ჩიქოვანთა (ჩიქვანთა) გვარიდან დადიანის ტიტული პირველად კაცია I-მა, გიორგი ლიპარიტიანის ძემ, მიიღო (1704). ამრიგად, ოდიშის დადიანების მეორე დინასტიის ფუძემდებლები გიორგი ლიპარტიანი (გიორგი IV) და მისი ძე კაცია I იყვნენ. თანდათანობით დადიანი ოდიშის მთავრის ტიტულთან ერთად გიორგი IV-ის ძის ბეჟან I-ის შთამომავლების გვარსახელად გადაიქცა. ოდიშის სამთავროს გაუქმების შემდეგ "დადიანი" მხოლოდ გვარის აღმნიშვნელ სახელად დარჩა. 1802 წელს რუსეთის მეფის სუბიექტი ხდება და რუსეთის იმპერიის პრინცის ტიტული ენიჭება. ნიკო დადიანი სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი იყო, რომელიც 1857 წელს რუსეთის მთავრობამ გადააყენა, ხოლო მისი მთავრობა კი გააუქმა. ნიკო დადიანმა ტახტის მემკვიდრის ტიტული ოფიციალურად 1868 წელს უარჰყო.




წყარო